ლეკო მშენი • Leko msheni

ლეკო მშენი • Leko msheni სამშენებლო და სარემონტო კომპანია

გილოცავთ ფერისცვალებას!ყოველთვის შეგიძლია შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ყოველთვის შეგიძლია უკეთესი გახდე!იმდენი რ...
18/08/2023

გილოცავთ ფერისცვალებას!
ყოველთვის შეგიძლია შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ყოველთვის შეგიძლია უკეთესი გახდე!
იმდენი რამის ნახვა და სწავლა მინდა ადამიანებისგან, ათასი სიცოცხლე არ მეყოფა...
"პური ჩვენი არსებისა, მოგვეც ჩვენ დღეს..."
დღეს, დღეს და მოგვცემს
არ არის საჭირო იმდენის დაგროვება, რომ ცხოვრება პურის და ფულის თვლაში გავლიოთ...
მომეცი ძალა უფალო, გენდო, მომეცი ძალა ისე ვიცხოვრო, თითქოს ყველა დღე ბოლო იყოს, მომეცი ძალა, შევიცნო სამყარო ჩემში და ვიპოვნო ჩემი თავი სამყაროში...

გუშინ გვიან საღამოს ქუჩაში ვსეირნობდით და კი, საღამო საღამოს არ ჰგავდა, ისე ცხელოდა, მაგრამ დუმბაძის არ იყოს, თუ თოვლი, ...
16/08/2023

გუშინ გვიან საღამოს ქუჩაში ვსეირნობდით და კი, საღამო საღამოს არ ჰგავდა, ისე ცხელოდა, მაგრამ დუმბაძის არ იყოს, თუ თოვლი, ქარბუქი, ყინვა შეიძლება გიხაროდეს, სიცხეც შეიძლება შეიყვარო, ალბათ, მთავარია, ვისთან ერთად ხარ...

მეტროს ჩასასვლელში ერთი კაცი დგას და სულით და გულით მღერის, არც ხმა აქვს, არც სმენა, მაგრამ სახეზე ისეთი ბედნიერება აწერია... ტექსტიც ავიწყდება ხოლმე და მერე გაურკვეველ თანხმოვნებს ბუტბუტებს. ხელში კოლოფი უჭირავს და ზოგჯერ ხურდასაც უყრიან. სიმღერას რომ მორჩება, თვალებგაბრწყინებული ეძებს კოლოფში ხურდებს, პატარა ბავშვივით, ამოიღებთ სათითაოდ, თვალთან ახლოს მიიტანს და შუქზე კარგად გახედავს, რომელიმე ლარიანი ხომ არაა,

ტროტუარზე გაშოტილ თეთრ, მოგრძო ტანის ძაღლს 2 ქალი დაჰყურებდა, ხომ კარგადააო, წუხდნენ, მერე ერთმა თქვა, ცოტა ხნის წინ კანკალებდაო, ამ სიცხეშიო? – გაუკვირდა მეორეს. მოდი, წყალი დავუსხათო, დაუსხეს და არ გატოკდა ძაღლი. კაცმა ჩაიარა და შემიძლია ხაჭაპური მოვუტანოო, უთხრა ქალებს, ძლივს გაასწრო კაცმა, ცომეული როგორ შეიძლება ძაღლისთვისო, ქალებმა. ამასობაში, მესამე ქალმა ჩამოიარა და სძინავს, შეეშვითო, რა შევეშვათ, კანკალებდაო, კი არ კანკალებდა, სიზმარს ნახულობდა და იციან ეგრეო, სანამ ქალები კამათობდნენ, ძაღლს შეეღვიძა, წყალი დალია, ადგა და 10 ნაბიჯით მოშორებით გადაწვა, დამაძინეთო... ბოლო ფრაზა რაც გავიგონე ის იყო, არა, მაინც ხაჭაპური როგორ შესთავაზა იმ კაცმაო...

თვალები დავხუჭე და მოცეკვავე ფანტანი წარმოვიდგინე, სახეზე შხეფები მესხმებოდა, ცეკვავდა ფანტანი, თავდავიწყებით ცეკვავდა, მაგრამ არ იღიმოდა და გადავწყვიტე ცივი ყავა დამელია უშაქრო.
ახლომახლო კაფე არსად იყო ღია და იცით, რომ მაღაზიებში კი უამრავი ცივი ყავა იყიდება ქილით, მაგრამ არც ერთია უშაქრო? – ხო, არც მე ვიცოდი.

პატარა მაღაზიას დიდი ასოებით ეწერა – ყავა, ნაყინი, გაყინული ბარკლები. მხოლოდ ცხელი ყავა მაქვსო. ყინული არ გაქვთ–თქო? კიო, მაქვსო. წყალი არ გაქვთ ცივი–თქო? კიო, მაქვსო. ყავა გაქვთ–თქო? კიო, მაგრამ ცივი ყავა არ მაქვსო. ვიყიდე ერთჯერადი ჭიქა, ცივი წყალი, სამმაგი ესპრესო და ყინულები მაჩუქა. სანამ ცხელ ესპრესოს ცივ ამერიკანოდ ვაქცევდი, გაოცებული მიყურებდა, ესაო, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეო.

მეორე მხრივ, ისე ცხელა, ქათმის ცივი ბარკლებითაც კი გავგრილდებოდი, მაგრამ უხერხული იქნებოდა, ალბათ:) ვუთხარი, რომ ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა, მაგრამ ყოველთვის არ ვიციო და ცივი ამერიკანო მაქვს დღეიდან მენიუშიო.

ვიღაცამ იგივე მაღაზიაში ნაყინი იყიდა და ქაღალდი ტროტუარზევე დააგდო, დაგივარდათ–თქო, გავძახე, ეგრევე ყურზე მოიკიდა ხელი, ეტყობა, ძვირიანი საყურე ეკეთა და ადგილზე რომ დახვდა, ცოტა დამშვიდდა, მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ალბათ, ფული შეამოწმა, მდორედ შემოტრიალდა, რომ ენახა, რა ჯანდაბა დაუვარდა–ეგეთი, მინდოდა მეთქვა, რომ პატივისცემა დაუვარდა, ქალაქის, ადამიანების, მაგრამ ნაყინის ქაღალდზე ვანიშნე. ამრეზით გახედა, მაგრამ მაინც დაიხარა, აიღო და წავიდა... ოდესმე დალევს პატიოსნების სადღეგრძელოს, მერე ქვეყნის და დედაქალაქის და კი არ გავახსენდები, მაგრამ მე ხომ ვიცი, ამ სადღეგრძელოს ერთხელ დალევის უფლება მე მივეცი ამწამს:)

და ერთ სკვერში კაცი 5 კნუტს აპურებდა, დედამ მიატოვაო, იმ ტუტუცმაო, გვითხრა, მე უნდა ამეცრა და ვიღაცას უკვე აუცრია და რა წესია, ახლა როგორ გავიგო რაზე აცრა, აქ დავტოვებ განცხადებას და ნომერს, იქნებ, დამირეკოს და მითხრას, რაზე აცრაო. სახლში იმდენი ფისო მყავს და 2 ძაღლი, ესენიც რომ წავიყვანო, ცოლი გამომაგდებსო, თან ეს კატის და ძაღლის საჭმელიც როგორ გაძვირდაო.
იმან ერთ ფისოს მე წავიყვანო.
რას დაარქმევთქო და ფინის დავარქმევო, როგორც ჰელკბერითქო და გაეცინა, არა, როგორც თავგადასავალიო.
სადარბაზოს კარი რომ გავაღე, უკან მოვიხედე და მკლავზე ეწვია და ფინის მის იღლიაში ჰქონდა თავი შეყუჟული და კუდს სულ–სულ ოდნავ ატოკებდა და მივხვდი, უკვე დაიწყო კიდევ ერთი თავგადასავალი და მერე მოცეკვავე ფანტანი გამახსენდა, რომელიც ვერ იღიმის და ისე შემეცოდა.

ჩემი მეზობლები ისევ სვამდნენ, ისევ როხროხებდნენ, დაიწყებდა ქმარი წინადადებას, ეცემოდა ცოლი პირში, აწყვეტინებდა და თავად ასრულებდა წინადადებას, თან ტელეფონს უმოწმებდა, თან სამყაროს რაღაცეებს სთხოვდნენ, შეგვისრულეო, და შეუსრულა სამყარომ, დათვრა და ბარბაცით მიადგა, როგორი ფხიზელიც თქვენ მიყურებთ, მეც ეგრე შეგხედავთო, მომატყუებთ, მოგატყუებთო... მოკლედ, რას გაუგებ, ვინ როგორ ერთობა, ვისთვის დალევა ბახუსია და ვისთვის სიმთვრალე, ვისთვის სიმღერა ნოტებია და ვისთვის ბედნიერება, ვიღაცას ღიმილი შეუძლია და ვიღაცას არ უნდა, ვიღაცამ სამყაროს არაფერი სთხოვა და ყველაფერი მიიღო, ვიღაცამ ყველაფერი სთხოვა და მერე წავიდა და დაიძინა, მერე წავიდა და დაივიწყდა, წავიდა და ის გააკეთა, რაც უკან დაუბრუნდა და არ მოეწონა...
ასეთია ცხოვრება...

ასეთია ჩვენი ქალაქი, ბევრნაირი ადამიანით სავსე და მერე რა, რომ ხვატია, ყინვაშიც და ხვატშიც ერთნაირად უნდა გიყვარდეს, თორემ, როგორც გვასწავლეს, ხაჭაპური ხომ არაა სამშობლო, არც სახლია ხაჭაპური, მხოლოდ კომფორტი რომ გვიყვარდეს და მოვლა არა...
#მოდილეკომშენში

3 დღის წინ, ახალი სახლი გავიცანი, შესახედად კარგად გამოიყურება, ზოგჯერ ცოტა სასაცილოდ ახურავს ხოლმე სახურავი და ზაფხულობ...
12/08/2023

3 დღის წინ, ახალი სახლი გავიცანი, შესახედად კარგად გამოიყურება, ზოგჯერ ცოტა სასაცილოდ ახურავს ხოლმე სახურავი და ზაფხულობით, საძირკველს აიკაპიწებს ხოლმე, თითქოს შორტი აცვიაო და მგონია, რომ იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს:)

ხოდა, პირველი დანახვისთანავე ფლირტი დაიწყო, სამზარეულოში შევედი და გამწოვი უკვე ჩართული ჰქონდა, ყავა ჩამოსხმული, ყინულები ჩამოყრილი...

სასტუმრო ოთახში გამოვედი და კონდეციონერი ჩართო მყისიერად, ფანჯრებს ფარდა ჩამოაფარა, ნაზი მუსიკა ააკვნესა და შუქის ანთებას თითქოს ვერ მიხვდა.

საძინებლის კარი ღია დამხვდა, საწოლთან, ტუმბოზე, ღვინის ჭიქა იდო, წითელი ღვინით და ყურძენი და თხილი.

აივანზეც გავიხედავთქო და ან, როდის მოასწრო, ყვავილები დაეკრიფა და საყვავილეში ჩაედო, წყლის ჩასხმა ვერ მოესწრო, ფანჯრები გამოაღო, ფარდები დააქნია, რომ ნიავი მომხვედროდა ამ ხვათქში, მერე, წყლის წვეთებიც დამაპკურა სახეზე და კი ვერ მივხვდი, როგორ...
აივანზე სარწეველაში ჩავჯექი და ცოტა ხანი გავინაბე, თვალებიც დავხუჭე და კოცნის ხმა გავიგომე, აი, ისეთი მულტიკებში რომ არ არის ხოლმე და წამოვხტი...

უცებ გაისუსა დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით, ფარდებიც კი ჰაერში გააჩერა, და სადღაც, სააბაზანოდან მოგუდულად სიცილის ხმა გავიგონე.
ჩქარი ნაბიჯებით წავედი სააბაზანოსკენ, აქაოდა, გამოვიჭერ-თქო, კარი შევაღე და აბაზანა ივსებოდა თბილი წყლით, სურნელოვანი ქაფით ივსებოდა უკვე, აბაზანას მხოლოდ 3 სურნელოვანი სანთელი ანათებდა, სარკე სანთლის შუქს ირეკლავდა...

ჩემ ძველ სახლს კი არ ჰგავდა, 3 მარტს რომ ყვავილებს დამპირდა და დღემდე ვერ დაკრიფა, იებიც კი რომ ვერ მოიპარა რომელიმე სკვერიდან, ჩემ ძველ სახლს კი არ ჰგავდა, მწვადს რომ წვავს 9 თვეა და ვერ შეწვა, ჩემ ძველ სახლს კი არ ჰგავდა, სანთლებს მხოლოდ შობას და აღდგომას რომ ანთებს და სურნელოვანი სანთელი არც იცის რა არის, ჩემ ძველ სახლს კი არ ჰგავს, მუსიკას მხოლოდ მაშინ რომ ჩართავს, როცა ნასვამია, და ყურძენს დაარჩევს ლებნებად და დააწყობს კი არა, ერთხელ მკითხა, ვაშლატამა როგორ უნდა ვჭამოო:)

ტანსაცმლიანად ჩავხტი აბაზანაში, სურნელოვანი ქაფი შეერია კანს და ის იყო გავიფიქრე, სამზარეულოში ყავა დამრჩა-თქო, რომ აბაზანის კიდეზე დავინახე ყავით სავსე ჭიქა...

და მერე ვილაპარაკეთ დილამდე, აივანზე, სანამ ტანსაცმელი შრებოდა...
და მერე გათენდა დილა, როცა ვერავინ გამაღვიძებდა, რადგან უკვე მეღვიძა...
და მერე, როცა სამსახურში მივდიოდი, ზურგს მიწვავდა მზერა და ყურში ჩამესმოდა კოცნის ხმა, აი, ისეთის, როგორიც მულტიკებშია...

გახადე შენი სახლი ჭკვიანი, რათა რამდენიმე ღილაკით მოიწყო კომფორტი და მიხვდე, როგორი მზრუნველი შეიძლება იყოს სახლი.

#მოდილეკომშენში

ერთხელაც, თენდება და არც გახსოვს, სად დევს ტელეფონი, მუსიკას ხმამაღალზე რთავ და ყავას ისე იმზადებ, და მერე ბუნდოვნად გახ...
11/08/2023

ერთხელაც, თენდება და არც გახსოვს, სად დევს ტელეფონი, მუსიკას ხმამაღალზე რთავ და ყავას ისე იმზადებ, და მერე ბუნდოვნად გახსენდება, რომ წინა დღეებში ამას ვერ აკეთებდი, რადგან ზარს ელოდი და გეღიმება...

ერთხელაც, შუადღით, გახსენდება, რომ გუშინ, გუშინწინ და ბოლო თვეები აფორიაქებული იყავი, რადგან არ გიპასუხეს მესიჯზე დროულად და ისე გიკვირს, ისე გიკვირს, და აღარ იცი, რომელი უფრო მეტად გიკვირს, რომ დარდობდი, თუ ახლა რომ არ დარდობ.

ერთხელაც, საღამოს, ქუჩაში მიდიხარ და გამვლელი გიღიმის, გაცდები და ცალი ფეხის წვერზე შედგები, მეორე ტერფით კი წრეს დაარტყამ საკუთარ თავს და უკვე ჩავლილ გამვლელს ღიმილს დაუბრუნებ, და სანამ მხარზე გადაკიდებული ჩანთაც დაარტყამს შენ ჩრდილს წრეს, უკვე გზას გააგრძელებ, და გახსენდება, რომ გუშინ, გუშინწინ და ბოლო თვეებია ეს აღარ გიკეთებია და ამაზეც იღიმი...

ერთხელაც, ღამით, ისე იძინებ, რომ ყველაზე სასურველი ადამიანი გგონია თავი და აღარ გახსენდება ის დრო, როცა იმაზე ფიქრობდი, რომელი სჯობია, გიყვარდეს, თუ უყვარდე...

ერთხელაც, ღამით, აღარ გაგაღვიძებს წყურვილი, მონატრების წყურვილი, რადგან უკვე დაწყურებული იქნები და იძინებ ღრმად და მზის ამოსვლამდე და გაიღიმებ ძილში, გაიღიმებ ისე, თითქოს ბოლო თვეები არ ყოფილა.

ერთხელაც, გამთენიისას, კოკისპირული წვიმა შემოვა ფანჯრებიდან და როცა ფანჯარას დაკეტავ, მოგინდება, ყავა დალიო და წვიმის ხმას უსმინო – მოკალათდები მოხერხებულად და გაგახსენდება, როგორ იდექი წვიმაში და ისევ გაგიკვირდება, რატომ იდექი წვიმაში, თუ ეს სავარძელი მაშინაც გქონდა, რატომ იდექი წვიმაში შეციებული, თუ აზრი არ ჰქონდა დასველებას და შეციებას და მერე დაინახავ, რომ ახლაც, ვიღაც სხვა ადამიანი დგას წვიმაში და სახეზე დასდის წყალი, სცივა და არ ელოდება მზის ამოსვლას, სავარძელიც ექნება სახლში და ცხელი ყავაც და მაინც დგას და ზუსტად იცი, რომ უმიზნოა მისი დგომა ახლა იმ წვიმაში და რომ არავინ მორბის საწვიმარით ხელში, არავინ გაიხდის მშრალ პერანგს მისთვის, და მოგინდება, გახვიდე და მოუყვე, უთხრა, რომ უმეტესად ადამიანებს თავგანწირვაც ვერ ცვლით... უმაგრამ გაგახსენდება ადამიანები, რომლებიც შენთანაც მოდიოდნენ ამის სათქმელად და არ უჯერებდი და მიხვდები, აზრი არ აქვს თქმას, რადგან ადამიანები მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ... ამიტომ, უბრალოდ ცხელ ყავას ასხამ ჭიქაში, გაგაქვს და აწვდი... უსიტყვოდ, დარიგების გარეშე, საყვედურის გარეშე აწვდი და მოდიხარ... და იცი, არასოდეს ეტყვი, ხომ გეუბნებოდი...

და მერე დატოვებ კარს ღია, ფანჯრებსაც დატოვებ ღია, ფარდებსაც კი ჩამოხსნი ერთხელაც, რათა, ყველას გააგებინო, როგორი ბედნიერი ხარ, რომ იპოვე შენი სახლი... ერთხელაც წვიმაში მხოლოდ საცეკვაოდ გახვალ, და იმ მშრალ პერანგს, რომელიც შენთვის გაიხადეს, თავს ზემოთ ააფრიალებ სიცილით, ერთხელაც მზე გეგმიურად კი არ ამოვა, არამედ, მხოლოდ შენთვის და ღამე არ იქნება ერთხელაც საშიში, რადგან ღამის მხოლოდ დაუწყურებელ ადამიანებს ეშინიათ...
#მოდისახლში
#ლეკომშენშიცმოდი

-თაგვო, რას ჭამ?-შაქარს...-მე რას მაჭმევ?-შავ ქვას...გახსოვთ ეს თამაში?მახსოვს საბავშვო ბაღის ეზო და ხელებჩაკიდებული ბავ...
08/08/2023

-თაგვო, რას ჭამ?
-შაქარს...
-მე რას მაჭმევ?
-შავ ქვას...
გახსოვთ ეს თამაში?
მახსოვს საბავშვო ბაღის ეზო და ხელებჩაკიდებული ბავშვები, წრეში ერთი ბავშვი იდგა, წრის გარეთაც ერთი და ეს დიალოგი იყო, მერე რა ხდებოდა, აღარ მახსოვს:) ესეც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ორივე მეცოდებოდა, თაგვიც, მარტო შაქარს რომ ჭამდა და ფისოც, მარტო შავი ქვა რომ ხვდებოდა სადილად:)
კიდევ მახსოვს, ჩემი ოქრო ჩემთან:) მაგ თამაშის აზრს ვერ ვწვდებოდი, მაგრამ იყო რაღაც უცხოდ სასიამოვნო, მიტყუპებულ ხელისგულებში ქვას რომ ჩაგიგდებდნენ და ოქრო იყავი:)
რამ გამახსენა და ქუჩაში, წინ მიმავალმა გოგომ ბიჭს დაურეკა, მოიკითხე დასიცხული და რა ჭამეო, მერე ჰკითხა, არ ვიცი ბიჭმა რა უპასუხა, მაგრამ გოგომ გათიშა და ჩაილაპარაკა, ისე გიქნია შავი ქვა გიჭამია:) და გემრიელად, თვალებმინაბულმა ჩაკბიჩა შოკოლადი:)
მართალია, რატომ უნდა დაკარგოთ დრო იმაზე ზრუნვაში, ვინც ვერ აფასებს? ცხოვრება ძალიან სასიამოვნო და ლამაზია და არავის და არაფრის ფასად არ ღირს მისი გაფუჭება:)
-თაგვო, თაგვო, რას ჭამ?:)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელმაც მხოლოდ 4 კლასი ისწავლა, მეტის საშუალება არ იყო იმ წლებში, 4 კლასი დაამთავრა დ...
07/08/2023

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელმაც მხოლოდ 4 კლასი ისწავლა, მეტის საშუალება არ იყო იმ წლებში, 4 კლასი დაამთავრა და იმდენი ადამიანი წაიკითხა, და იმდენ ადამიანს გაუყო მერე წაკითხული, რომ 3 კაცის ცხოვრებას ეყოფოდა...

მერე წაიყვანეს ომში, არ ჰქონდა მანამდე ომი ნანახი, არ იცოდა მანამდე კაცის მოკვლა, მოკლული კაციც არ ჰყავდა მანამდე ნანახი, მაგრამ არც მას სურდა სიკვდილი, ამიტომ იომა...

ერთხელაც მის ნაწილს თავს დაესხნენ. კაცი, სხვებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ცემეს იქ, მაგრამ არ აშიმშილეს, ცემდნენ და აჭმევდნენ, ცემდნენ და აჭმევდნენ..
ერთ დღესაც გამოქცევა სცადა, დაიჭირეს და არ სცემეს, არც აჭამეს და დახვრეტა მიუსაჯეს, დილით უნდა დაეხვრიტათ.
დასაკარგი რა ჰქონდა და იმ ღამით მეორედ სცადა გაპარვა. მიხოხავდა სიბნელეში და უცებ, სახე ლამის მიარტყა მტრის ჯარისკაცის ჩექმას. თავი ნელა აწია და ახედა - 18-19 წლის ბიჭი, მერე რა რომ მტრის, იდგა და გაფითრებული უყურებდა, ხელში იარაღი ეჭირა, მაგრამ ხელი უკანკალებდა, ეტყობა, არც მას ჰქონდა ომი ნანახი, არც მან იცოდა კაცის მოკვლა, არც მას უნდოდა კაცის მოკვლა, მით უფრო უიარაღო, მიწაზე მხოხავი კაცის და მაშინ, როცა ტყვიის მოლოდინში კაცმა თვალები დახუჭა, ბიჭმა ქუსლი ქუსლს მიარტყა, შებრუნდა და წავიდა...

იხოხა კაცმა, იხოხა, ბევრი იხოხა, რომ მოშივდა ისეთი რამეებიც ჭამა გზად, რისი გახსენებაც მერე არასოდეს უნდოდა და როგორც იქნა მიხოხდა მის ნაწილთან.
გაეხარდა, გადავრჩიო, მაგრამ წაიყვანეს და აქაც სცემეს, რანაირად გამოიქცეოდი, ალბათ, გამოგიშვესო, ცემდნენ და არ აჭმევდნენ, ცემდნენ და მერე ცივ წყალს ასხამდნენ, დაკითხვიდან დაკითხვამდე აცოცხლებდნენ... მილიონჯერ მოყვა და მაინც ვერ დააჯერა თავის სიმართლეში.

და გადაასახლეს, წერილის გაგზავნის უფლების გარეშე. მუშაობდა, ხელფასი ჰქონდა და ვერსად დახარჯავდა, ვერსად გავიდოდა... იქ ერთი ქალი გაიცნო და არ ვიცი რა გაუკეთა იმ ქალმა, მაგრამ ერთხელ თქვა, იმ ქალმა გადამარჩინა ფიზიკურად და მორალურადო.

დამთავრდა ომი, დაბრუნდნენ გადარჩენილები სახლებში, კაცი ისევ გადასახლებაში მუშაობდა.
მშობლებმა იფიქრეს, მოკვდაო და მისი ტანისამოსი დამარხეს, საფლავი რომ ჰქონოდათ ვაჟის.

გავიდა 12 წელი. სათქმელად ადვილია, მაგრამ გავიდა მარტოობის, დამცირების, უსამართლობის 12 წელი, დაღლილობით, მონატრებით სავსე 12 წელი და მხოლოდ მაშინ გადაიხედა მისი საქმე და გამართლდა.
დეპეშა გამოგზავნა, ჩამოვდივარ, დამხვდით!
ძმებმა დედას დაუმალეს დეპეშა, ტყუილი რომ იყოს, ვერ გადაიტანსო, ძმის საფლავს ჩაუარეს და მატარებლის სადგურზე დახვდნენ, მაგრამ ვერ იცვნეს...
როცა ყველა წავიდა და სადგურზე მხოლოდ ერთი კაცი დარჩა, მაშინ მიხვდნენ, რომ ეს იყო მათი "დამარხული" ძმა.

12 წლის ნამუშევარი ფული ჩამოიტანა და სახლის ასაშენებელი ადგილიც შეარჩია, მაგრამ რატომ უნდა ავაშენო სახლი, ვინ იცის ხვალ მკლავენო, გაიფიქრა, ადგა და წავიდა დასასვენებლად.

იმ კურორტზე, სადაც კაცი ისვენებდა, ახალგაზრდა ექთანი მუშაობდა, მწვანეთვალება, თავისნათქვამა, ცოტა ავი, მაგრამ სამართლიანი ენის გოგო, ხან დაუყვავებდა, ხან მწარედ ეტყოდა, ხან იმედს მისცემდა, ხან მოუკლავდა მის მიცემულ იმედს. ისეთი ძლიერი იყო პროფესიაში და ისეთი მოუხერხებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ სადმე გზაზე ქვა ეგდო, მაინცდამაინც იმ გოგოს უნდა წამოეკრა ფეხი, კედლის კარადას თუ გამოაღებდა, კარი ღია დარჩებოდა და მერე თავადვე მიარტყამდა თავს თავისივე გაღებულ კარადას:)

არ იყო კაცი მზად სიყვარულისთვის, სიყვარულისთვის კი არა, სახლის ასაშენებლადაც არ იყო მზად, ჯერ ისევ იდგა სოფლის სასაფლაოზე მისი საფლავის ქვა, 12 წლიანი ტანჯვის ჭრილობა ჰქონდა ჯერ ღია, ჯერ კიდევ ეშინოდა, რომ წაიყვანდნენ და ისევ გადაასახლებდნენ, ჯერ კიდევ ბრაზით იყო აღვსილი უსამართლობის და მარტოობის გამო...
არ უნდოდა კაცს სიყვარულში გაეცვალა თავისი ბრაზი, არ უნდოდა სიყვარულით დაეფარა ღია ჭრილობა და არადა, უკვე წასვლის დრო მოდიოდა, კურორტიდან და მწვანეთვალება, უცნაური გოგოდან წასვლის დრო.

ერთ დღესაც, უბრალოდ, მივიდა, ხელი ჩაჰკიდა და უთხრა, გამომყევი, რაღაც უნდა გაჩვენოო.
მიდიოდნენ და კაცი გზას ასუფთავებდა ქვებისგან, მიდიოდნენ და ხელი არ გაუშვია. მივიდნენ ერთ მინდორთან, მინდორს ორი მხრიდან წყალი ჩამოსდიოდა. ხეც კი არ იდგა არსად.
ხელი გაიშვირე წინ, ისე, რომ მეორე ხელი არ გაუშვია გოგოსთვის და უთხრა: - აქ ავაშენებთ სახლს, დავრგავთ ხეებს, გვეყვარება ერთმანეთი და გავზრდით შვილებს...
და ააშენეს, და დარგეს, და უყვარდათ და შვილებიც გაზარდეს და შვილიშვილებიც...

გოგოს პროფესია არ მიუტოვებია, 9 თვის იყო შვილი, კაცმა რომ დაიტოვა და გოგო სამსახურში გავიდა. სამზარეულოში და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც ისეთი მოუხერხებელი იყო, ზუსტად იცოდა კაცმა, რომ საყვარელი საქმით სუნთქავდა.
სახლიც კაცმა ააშენა, ხესაც კაცი რგავდა, ვაზსაც, ყურძენსაც წურავდა, მაგრამ არც ერთს იზამდა, არც ერთი უნდოდა ამ გოგოს გარეშე...

სანამ სახლის ნაწილი აშენდებოდა, რამდენიმე თვე დედ-მამასთან ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად. ხოდა, დაკლეს ქათამი, გაამზადეს, დასხდნენ სადილად 10 ადამიანი და უყურებენ გოგოს - რა ნაჭერი გიყვარს, ჯერ შენ გადაიღეო. მოერიდა რატომღაც, არც იცის რისი და ვისი მოერიდა და ფრთა მიყვარსო, თქვა:)
მას შემდეგ, 9 თვე ფრთას დიდის ამბით გადაუღებდნენ ხოლმე და წიწკნიდა:)
როცა პირველი შვილი ეყოლათ და სამშობიაროში იწვა, ყოველ დღე 4 ქათამს კლავდა კაცი, ფრთები უყვარსო და ფრთების ბულიონს უკეთებდა და მიჰქონდა:) მესამე დღეს გაუმხილა:)
ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ცხოვრებაში უთხრა.

არასოდეს უყვირია ბაბუაჩემს ბებიაჩემისთვის, რაც უნდა მომხდარიყო და როცა ბებია, თავისივე გამოღებულ კარადას თავს მიარტყამდა, უხმოდ, ჩუმი ღიმილით დაადებდა ყინულს და მწვანე თვალებში ისე უყურებდა, რომ წამის შეჩერება მინდოდა...

დიდი, მუდამ გრილი ხელები ჰქონდა ბაბუას და ახლა ისე მინდა შუბლზე დამადოს ძველებურად, ტკბილი ძილი მისურვოს და მითხრას, რომ იმ გოგოს ვგავარ, ვინც სახლი ააშენებინა, ხე დაარგვევინა, ღია ჭრილობა მოუშუშა, ცხოვრება თავიდან დააწყებინა და გზების ქვებისგან გაწმენდა მოანდომა...

მადლიერი ვარ რომ იმ ღამით სიკვდილს არ დაელოდა, შიში სძლია და გამოიპარა, მადლიერი ვარ, რომ ის 12 წელი გაძლო, არ შეაჭმევინა თავი მარტოობას, მადლიერი ვარ, რომ ღია ჭრილობებით მაინც გააგრძელა ცხოვრება, იპოვა მინდორი, სადაც მწვანეთვალება, უცნაურ გოგოსთან ერთად დაფუძნდებოდა - მისი დამსახურებაა, რომ ვიცი, რა შეუძლია ადამიანს, რა შემიძლია მე, მისი დამსახურებაა, რომ ვიცი, არ არის აუცილებელი, ყველა აცხობდეს ხაჭაპურს, მისი დამსახურებაა, რომ ვიცი, ერთგულება, ყვირილის გარეშე აზრის გადმოცემა, მისი დამსახურებაა, რომ ვიცი, არ უნდა დავჯერდე რამე საშუალოს და თუ ყველაფერი არ გაქვს, სჯობს, არაფერი გქონდეს, რადგან, ყველაფერი დაიტიო მერე, მისი დამსახურებაა, რომ ვიცი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გზებს წმენდენ ქვებისგან...და რაკი არსებობენ, ესე იგი, იპოვით...

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა
სხვები იქა, ლეკომშენი აქა:)

გუშინ ჩემი სახლი გავამზითვე:)გადასვლა მომიწია:)კარგი შესახედაობისაა, რა უჭირს, მაღალჭერიანია, ცოტა ცალ მხარესაა ხოლმე გა...
05/08/2023

გუშინ ჩემი სახლი გავამზითვე:)
გადასვლა მომიწია:)
კარგი შესახედაობისაა, რა უჭირს, მაღალჭერიანია, ცოტა ცალ მხარესაა ხოლმე გადახრილი და ცოტა კედლებია უსწორმაწორო, მაგრამ უხდება:)
მოკლედ, შესახედაობას არ ვუჩივი, ღამითაც კომფორტულად მეძინა, მაგრამ ავი ზნისაა.
ხან კარი ჩამეკეტა, ხან ფანჯარა, ხან გავაღე და ვერ დავხურე და ხანაც დავხურე და ვერ გავაღე. მე მაბრალებდა ხოლმე ურცხვად, გეჩვენებაო, სანამ ერთ დღესაც ფაქტი არ ვუპოვე... ყველა საკეტი შესაცვლელი აქვს, მოკლედ...
სამაგიეროდ, საქეიფოდაა კარგი, რამდენჯერაც დავლიეთ მაგ სახლში, იმდენჯერ კარგად მოვილხინეთ, მგონი, უბრალოდ, ლოთია და ფხიზლები არ უყვარს:)
მაგრამ, დილითაა მოუხერხებელი, საძინებელის ფანჯრებში მხე დილით ყველაზე გვიან შემოდის და არ მაღვიძებს.
კიდევ, ყველაზე ცუდ დროს გიღალატებს ხოლმე, სამჯერ სააბაზანოში დამტოვა გაქაფული, ხუთჯერ საღამოს, კარგი ფილმის ყურებისას ჩამაბნელა, სარეცხი მანქანა წლები მუშაობდა და მილი გააფუჭა 2 კვირაში... 35 ბოდიში რომ თქვა და 37-ჯერაც რაღაც შეემთხვა, იმიტომ, რომ ყოველთვის მაგას ემართება ხოლმე რაღაც, ავდექი და გავამზითვე, გამოვცვალე საკეტები, როზეტები, ონკანი, სარეცხი მანქანის მილიც კი და დავდე განცხადება: ქირავდება სახლი, მაღალი, მაღალჭერიანი, ნათელი, მაგრამ დილაობით ბნელი, ყავის მომზადებისას, ხშირად დამცველს აგდებს და ჯობს ცივი ყავა გიყვარდეთ. ზოგჯერ წყალი გეგონებათ შეწყდა, მაგრამ შეიძლება ისევ ონკანი მოიშალა, უყვარს ქეიფი, სიმღერები, არ უყვარს აჯაფსანდალი, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მაგ კერძს ვაკეთებდი, იმდენჯერ ღუმელი გამომირთო. მოკლედ, ქირავდება სახლი არც თუ კარგი ზნით.
გაგიკვირდებათ და იქირავეს:)
სამი გოგოა, მეგობრები ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთო.
სამმა ერთ საძინებელში როგორ უნდა დაიძინოთთქო და მორიგეობითო:)
რა გითხრათ, მე კი გადავედი გუშინ კიდევ სხვა სახლში და შესასვლელი კარის საკეტი არც აქ მომწონს, ან მე ვარ ძალიან მომთხოვნი, ან ყველა მეორე სახლს ზნე უფუჭდება.

დავრეკავ ლეკომშენში საკეტს უცებ გამომიცვლიან, დანარჩენი კი ვნახოთ...
#მოდილეკომშენში

ერთხელ მესიზმრა, რომ მოვკვდი და ცოცხალი ვიყავი, მე ვიყავი და თან სხვა, ვერავინ მცნობდა და ყველას ვცნობდი, მაგრამ არავის ...
04/08/2023

ერთხელ მესიზმრა, რომ მოვკვდი და ცოცხალი ვიყავი, მე ვიყავი და თან სხვა, ვერავინ მცნობდა და ყველას ვცნობდი, მაგრამ არავის ვიცნობდი...
დავდიოდი სახლიდან სახლში და ადამიანიდან ადამიანში და ყველგან დაკავებული იყო ჩემი ადგილი, ჩემ მეგობრებს ახალი მეგობარი ჰყავდათ და იმასთან ერთად სვამდნენ ყავას და იცინოდნენ და ბიჭს, რომელიც ოდესღაც მომწონდა, მხოლოდ ოდესღაც ვუყვარდი და სხვა ქალთან ერთად მიუყვებოდა გზას...
არ ვიცოდი, მე შევიცვალე, თუ ისინი, მე გავიზარდე, თუ ისინი, მე ვიყავი უცხო, თუ ისინი, მე მოვკვდი, თუ ისინი ცოცხლობდნენ სხვებისთვის.

მერე ჩავიცვი შავი კაბა, გრძელი, დიდი, თეთრი ბაფთით, ალაგ-ალაგ დაყრილი, წვრილი, ნარინჯისფერი ყვავილებით, თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, მავრამ მიხდებოდა. იმას ვამბობდი მერე, რისი მოსმენაც უნდოდათ, მაშინ ვიღიმოდი, როცა უნდა გამეღიმა, მაშინ ვტიროდი, როცა თვლიდნენ, რომ უნდა მეტირა და როცა ტირილი იყო საჭირო, იმ დღეს წამწამებს აღარ ვიპრეხდი... ნებას ვაძლევდი მოვეტყუებინე, ვითომ ვერ ვხვდებოდი, აღარ ვკამათობდი, აღარ ვიყავი რთული, და როცა ოთახში ყველა ერთ ლამაზ, მაგრამ უაზრო ლექსს უსმენდა და ტაშს უკრავდა, მეც ღიმილით ვატყაპუნებდი ხელისგულებს და ვჭყლოპინებდი, ძველებურად აღარ ვაკრიტიკებდი იმას, რისი კრიტიკაც არაა მიღებული, რადგან იმან, დიდმა პოეტმა, დიდმა მწერალმა, დიდმა მეცნიერმა, განა ჩემზე უკეთ არ იცის, მე როგორ უნდა ვიცხოვრო და რა უნდა მომწონდეს?
მერე მეც ვატყუებდი ადამიანებს, რადგან, როცა ადამიანს უფლებას აძლევ მოგატყუოს, შენც უნდა მოატყუო, არ აღიარებს, მაგრამ ეგ მოსწონს:)

მეც დავიწყე მერე თავის ქება სერიოზული სახით და ამაყი გამოხედვით, დამაჯერებელი ტონით და ისე მეთანხმებოდნენ, არც კი ჩაფიქრდებოდნენ, ხომ არ ვატყუებ...

მერე, მეც ვაგვიანებდი, მეც ვივიწყებდი...
და მიცნეს, ერთ დღესაც მიცნეს ადამიანებმა, გავცოცხლდი ერთხელაც, ახლა მე მიცინოდნენ, ახლა მე მიყვებოდნენ სასაცილო ამბებს და სხვებს ვეღარ სცნობდნენ... ახლა მე მივდიოდი იმ ბიჭთან ერთად ქუჩაში, რომელი ბიჭიც, ოდესღაც მეგონა რომ მომწონდა და რომელსაც ოდესღაც ვუყვარდი...
და მერე შევიყვარე ფული, რადგან ადამიანებს შეიძლება უყვარდე, მაგრამ პატივს არ გცემენ, თუ ფული არ გიყვარს და თუ ფულის მიხედვით არ გეგმავ ურთიერთობებს.. თუ ფულზე ძვირფასი სხვა რამეები გგონია, სულელი ჰგონიხარ ადამიანებს და მეც მოვითხოვე ბრილიანტისთვლიანი საყურე და მართალია ოქროზე ალერგია მაქვს, მაგრამ ალერგიის წამლებს სვამდი და ისე ვიკეთებდი, ჩემ ვერცხლის სამკაულებს კი უჯრაში ვმალავდი...
და მოვიდა ის დროც, რომ მეც უნდა მეღალატა... ასეთია ცხოვრება, ასეთი ცხოვრება ასეთია...

და მე ვუღალატე და ვერც ვუღალატე, წავედი და გავიხადე ის რაღაცნაირად გაფხორილი კაბა, წავედი და ის ლექსი გავაკრიტიკე, რომლის ავტორის კრიტიკა არაა მიღებული, წავედი და მაშინ ვიცინე, როცა გამეცინა, მაშინ ვიტირე, როცა ამეტირა და სულ ერთი იყო, აპრეხილი მქონდა წამწამი, თუ არა..
და მე ისევ მოვკვდი, მაგრამ ყველაზე მეტად გავცოცხლდი, ვეღარ მცნობდნენ ისევ, მაგრამ მთავარია მწ ვცნობდი თავს.
და მივდიოდი ქუჩაში, გაჩეჩილი თმებით გაქექილი კეტით, ცალ მხარზე გადმოწეული მაისურით და ჯიბეებიანი ჯინსით, ოთხივე ჯიბეში რაღაც მედო და სულ ერთი გახდა, ვისთან ერთად სვამდნენ ყავას ადამიანები, ვინც ვეღარ მცნობდა, ვისთან ერთად მიუყვებოდა გზას ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ოდესღაც ვუყვარდი...

მხოლოდ გზას ვუყურებდი, უკან აღარ ვიხედებოდი, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ზურგსუკან არ იყო ჩემი სახლი და თუ ზურგსუკან არ იყო, ესე იგი, წინ იქნება, რადგან ყველა თავისი სახლის საპოვნელად იბადება, ასე მჯერა და აუცილებლად იპოვის, თუ არ შეიცვლება სხვების ხათრით, თუ არ ეცდება სხვებს დაემსგავსოს, თუ არ იფიქრებს, რომ სხვამ უკეთ იცის, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იცხოვროს...

და მე ვიცი, რომ როცა ჩემ სახლში მივალ, არასოდეს გაუკვირდება რატომ ვიტირე, გაიცინებს ჩემთან ერთად, არ დავავიწყდები და არ დამავიწყებს თავს, ზოგჯერ ვიჩხუბებ და მაინც ჩამიხუტებს არასოდეს მეტყვის, რომ უნდა შემცვალოს, არასოდეს გამომაწყობს ისე, როგორც მას და არასოდეს მაიძულებს, უფლება მივცე მომატყუოს და თუ ცუდი გოგო ვიქნები, მისი ცუდი გოგო ვიქნები და ეს ბევრად სჯობს კარგ გოგოდ ცხოვრებას გაფხორილ კაბაში...

იყავი ის, ვინც ხარ...
იპოვე შენი სახლი და #მოდილეკომშენში

ამბობენ, რომ ადამიანები ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ძილში ატარებენ, მე კი მგონია, რომ ყველაზე დიდ ნაწილს ადამიანები შიშ...
02/08/2023

ამბობენ, რომ ადამიანები ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ძილში ატარებენ, მე კი მგონია, რომ ყველაზე დიდ ნაწილს ადამიანები შიშში ვატარებთ ..
ხან მომავლის გვეშინია, ხან - არსებულის, ხანაც - წარსული, ხან სახლიდან წასვლის გვეშინია, ხან - სახლში დაბრუნების, ხან ძველი სახლის გვეშინია, ხანაც - ახალ სახლში გადასვლის...
და ზუსტად იმდენი წუთი, იმდენი საათი, იმდენი თვე ჩერდება ცხოვრება, რამდენიც გვეშინია.
და ზუსტად ის დრო ვცხოვრობთ, რა დროც შიშზე ვიმარჯვებთ.
ცხადია, მერე ახალი შიში მოდის, მაგრამ რაც მეტ შიშს ვამარცხებთ, მით უფრო ვტკბებით ცხოვრებით, მით მეტად ვიზრდებით, მით მეტად ვვითარდებით, მით მეტად ვძლიერდებით.
მეც დავამარცხე დღეს კიდევ ერთი შიში:)
მშვიდ, შიშების გარეშე ძილს გისურვებთ.
და თუ ძველი ან ახალი სახლი არაა კომფორტული და გაშინებს, #მოდილეკომშენში

მკითხეს, ნატვრისთვალი რომ მქონდეს და ერთი ნატვრის ასრულების საშუალება, რას ვინატრებდი? თავიდან, ვიფიქრე ვინატრებდი, რომ ...
01/08/2023

მკითხეს, ნატვრისთვალი რომ მქონდეს და ერთი ნატვრის ასრულების საშუალება, რას ვინატრებდი? თავიდან, ვიფიქრე ვინატრებდი, რომ ყველა სახლში იყოს ბედნიერება - მერე გამახსენდა, რომ ბედნიერ სახლებშიც ავადდებიან ადამიანები, უჭირთ ბედნიერ სახლებშიც, ბედნიერ სახლებშიც ტირიან დედები და საერთოდაც, ცოტა მოსაწყენი ხომ არ იქნება, მუდმივი ბედნიერება?
მაგალითად, თავი მტკივა, რა ბედნიერებაა, რომ დღეს ფეხი არ გადამიბრუნდა და არ წავიქეცი:)
ან, გამოცდა ვერ ჩავაბარე, რა ბედნიერებაა, რომ ჩამებარებია, მერე უნდა მემუშავა:)
ან, ჭერი მქონდა მოსანგრევი, ვერ მოვანგრიე, რა ბედნიერებაა, ნაგავი აღარ მაქვს გასატანი:)

არა, მოდი ვინატრებ, რომ ყველა სახლში იყოს ჯანმრთელობა...
იმწამსვე გამახსენდა ყველა, ვინც ჯანმრთელი იყო და აღარაა ცოცხალი..
როგორც ერთ გურულ ანეგდოტშია, ტიტანიკზე ყველა ჯანმრთელი იყო, მაგრამ იღბალი არ ჰქონდა არც ერთსო...

ხოდა, მოდი, ყველა სახლში იყოს იღბალი!
აღარასოდეს გადაგიბრუნდება ფეხი, აღარასოდეს წააგებ, ყველა გამარჯვებული იქნება, რა კარგია...
მაგრამ, გავა რამდენიმე წელი და ადამიანები დაკარგავენ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის განცდას, თანადგომის სიამოვნების შეგრძნებას, რადგან აღარ ეცოდინებათ, დაცემის, წაგების ტკივილი და აღარც ჟინი ექნებათ, რადგან მხოლოდ წაქცეულმა ადამიანმა იცის ადგომის და გზის გაგრძელების ჟინი როგორია და ვივლით და ვტკეპნით ერთ ადგილს.

და რომ ვინატრო, ყველა სახლში იყოს ჟინი, გაბედულება, გაუტეხლობა?
და იცით, რომ ქარიშხალი მუხას უფრო ადვილად გადატეხს, ვიდრე თავთავს? რადგან თავთავი გაჰყვება ქარს, გადაიხრება და დიდი და ძლიერი მუხა - არა? და ზოგჯერ უკან დახევაც საჭიროა, რომ ის გზაჯვარედინი იპოვო, საიდანაც არასწორი გზა აირჩიე.

მოდი, ვინატრებ, ყველა ოჯახში იყოს სიბრძნე...
მერე გვეყოლებოდა დაბრძენებული ბავშვები, ქალები, რომლებიც არასოდეს ტირიან, კაცები, რომლებიც არასოდეს ცდებიან და თუ ცდებიან, ბრძნულად:)
არა, მოსაწყენი იქნებოდა.

და მოდი, ყველა ოჯახში, ყოველი დღე იყოს დღესასწაული...
და რა თავში ვიხლით ყოველ დღე დღესასწაულს? თუ არ გვექნება ჩვეულებრივი, სევდიანი, დამღლელი დღეები, როგორ უნდა ვიგრძნო დღესასწაულების ხიბლი?

იქნებ, საქმე ფულშია? - მოდი, ყველა ოჯახს ჰქონდეს ბევრი ფული...
და რამდენია ბევრი ფული? რას ვიყიდდით, მაგალითად, მილიონ კუპონად?
ვერ იყიდი სიხარულს ფულით, ვერ იყიდი სიყვარულს, ვერ იყიდი ბედნიერებას, ვერც ჯანმრთელობას იყიდი სრული დაზღვევით...

მოდი, ყველა ოჯახში იყოს სიყვარული...
რა შეიძლება მოუვიდეთ შეყვარებულ ადამიანებს? ივლიან ასე შეყვარებულები და გაალამაზებენ სამყაროს.
მაგრამ, თუ არ გვეცოდინება ღალატის, ტყუილის ფასი, თუ არ გვეცოდინება მარტოობა როგორია, თუ არ გვეცოდინება, უსიყვარულობა, რა ფასი ექნება ეგეთ სიყვარულს?
ფლირტიც როგორი ადამიანურია, გარს უვლი და არ უკაკუნებ - არც ეგ გვექნება.
თან, შენ გინდა ნატვრისთვალის მოტანილი სიყვარული? ბრძანებით, თხოვნით სიყვარული? - მე არ მინდა.

და გადავწყვიტე გადავაგდო ნატვრისთვალი...
ვინმე იპოვის, ალბათ და რამეს მოუფიქრებს...
მე კი, უბრალოდ ვიცხოვრებ, ჩემი შეცდომებით, ჩემი ცრემლებით და ღიმილებით, ჩემი განცდებით და თავის ტკივილებით, მეყვარება და მეტკინება, ვიშოვი და დავხარჯავ, ვისწავლი და დამავიწყდება, ბედნიერიც ვიქნები და მოწყენილიც, სიცხიანიც და ჯანმრთელიც, მოტყუებულიც და თვალებდაკოცნილიც, წაქცეულიც და წამომდგარიც, ძლიერიც და სუსტიც, ყველაფრის გამოცდა მინდა, ყველაფერი მინდა ამ სამყაროდან, ამ სამყაროს ადამიანებიდან.
რომელიმეს არჩევა არ მინდა, ყველაფერი მინდა!
და საერთოდაც მგონია, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც გულით მოინდომებს, საერთოდ ყველაფერს, არაფერია, რაც ადამიანმა მოინდომა და ვერ გააკეთა.
ინატრე, როგორი სახლი გინდა და #მოდილეკომშენში

მოცეკვავე სახლი პრაღაში, მას მთვრალ სახლსაც ეძახიან, მაგრამ განა მხოლოდ მთვრალები ცეკვავენ?:) ამ ადგილას უძველესი შენობა...
31/07/2023

მოცეკვავე სახლი პრაღაში, მას მთვრალ სახლსაც ეძახიან, მაგრამ განა მხოლოდ მთვრალები ცეკვავენ?:)
ამ ადგილას უძველესი შენობა იდგა, კულტურული ძეგლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მიწასთან გაასწორეს.
და მხოლოდ 1994 წელს დაიწყეს მის ადგილას ახალი სახლის აშენება. სახლი რეკორდულად სწრაფად, 2 წელში დასრულდა და რომ გითხრათ, თავიდან მოსწონდათ პრაღელებს-თქო, მოგატყუებთ:)
თუმცა, მალევე მოიხიბლნენ ხედებით და შეიყვარეს.
მე მომეწონებოდა, მივდიოდე ქუჩაში მოწყენილი და მოცეკვავე სახლებს დავინახავდე, იქნება, კიდეც მეცეკვა:)
გამომეცეკვა, იქნება:)
შენობის თავზე, ჩათვალეთ ცალკე სამყაროა, მოედანი და ხედი მთელ ქალაქზე.
-სახლი ვარ და ვცეკვავ, მეტი რა უნდა ვქნა, - უკვირს ხოლმე, ალბათ.
იმედია, ოდესმე ჩვენც ავაშენებთ ისეთ სახლს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს...
არ შეგეშინდეთ ოცნებების, მთავარია მყარი კონსტრუქცია, სხვა ყველაფერი ტექნიკა და დეტალებია და რა უნდა ეშმაკს დეტალებში, სად აქვს მაგდენი შესაძლებლობა:) დეტალებში ვართ ჩვენ:) #მოდილეკომშენში

Address

Borjomi

Telephone

+995599534851

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლეკო მშენი • Leko msheni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ლეკო მშენი • Leko msheni:

Share